X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა Yerevan Dialogue 2026-ში მიიღო მონაწილეობა

6 მაისი 2026

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი Yerevan Dialogue 2026-ის პანელურ დისკუსიაში - „სამხრეთ კავკასიის პოტენციალის გახსნა -ახალი ეკონომიკური ჰორიზონტები“ - პანელისტის სტატუსით მონაწილეობდა.

Yerevan Dialogue 2026 საერთაშორისო ფორუმია, რომელიც აერთიანებს სახელმწიფო სექტორის, კერძო სექტორის, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საერთო რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებზე დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

დისკუსია სამხრეთ კავკასიის დერეფნის მზარდ როლს, ინფრასტრუქტურული განვითარების პრიორიტეტებსა და რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერების შესაძლებლობებს შეეხო.

პანელზე მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, როგორც ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვან სატრანზიტო ჰაბზე. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე სატრანსპორტო, ლოგისტიკური და მულტიმოდალური კავშირების განვითარების მიმართულებით, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე.

მზია გიორგობიანმა ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისა და მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფის პროცესში.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია ინფრასტრუქტურული სისტემების საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება, ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესება და ინვესტორებისთვის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი გარემოს შექმნა - განსაკუთრებით დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდის ფონზე.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს მდივნის მოადგილე, თურქეთის SETA- უფროსი მკვლევარი, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ინსტიტუციური განვითარების დირექტორი.